Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ადგილობრივმა ორგანიზაციებმა საარჩევნო რეკომენდაციები წარადგინეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 მაი.'11 / 16:07

ოთხმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2 მაისს, მრავალპარტიულ ჯგუფში საარჩევნო მოლაპარაკებების გაჭიანურების ფონზე, ერთობლივი მოსაზრებები გამოაქვეყნა იმ რვა საკითხთან დაკავშირებით, რაც "საარჩევნო გარემოს სრულყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ახალი თაობა – ახალი ინიციატივა მათ მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების "კომპლექსური“ განხილვისკენ მოუწოდებენ.

რეკომენდაციები, რომელთა ნაწილიც საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას, ხოლო ნაწილიც მათი აღსრულებისთვის "პოლიტიკური ნების“ გამოვლენის საჭიროებას უკავშირდება, შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: საარჩევნო სისტემა, ამომრჩეველთა სია, საარჩევნო ადმინისტრაცია, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების დარეგულირება, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, უწყებათაშორისი ჯგუფის ფუნქციონირება, დარღვევების გამოძიება და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე შეზღუდვების დაწესება.

"ამ პრობლემების მხოლოდ ნაწილის მოგვარება ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნას ქვეყანაში,“– ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

მართალია კონკრეტულ წინადადებას არ სთავაზობს, მაგრამ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია იმგვარი საარჩევნო სისტემის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რომელიც პარტიის მიერ მიღებული ხმებისა და მის მიერ პარლამენტში მოპოვებული მანდატების ერთმანეთთან პროპორციულობის და მაჟორიტარული მანდატების სამართლიანად განაწილების პრინციპებს დაეფუძნება, რასაც დღეს მოქმედი სისტემა "ვერ უზრუნველყოფს“.

კერძოდ, არსებული სისტემით, მაგალითად, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა შეუძლია 30–35%–იანი მხარდაჭერის მქონე პარტიას, თუ იმავდროულად ყველა მაჟორიტარ კანდიდატსაც ის გაიყვანს. ოთხი ორგანიზაციის მოსაზრებით, მაჟორიტარული მანდატები დღესდღეობით "არასამართლიანად“ არის გადანაწილებული, რადგან საერთაშორისო სტანდარტით, მაჟორიტარულ ოლქების ამომრჩევლებს შორის რაოდენობრივი სხვაობა 15–20% არ უნდა აღემატებოდეს მაშინ, როცა "საქართველოში ეს ციფრი, საკმაოდ ხშირად, 100%-ს აღემატება“.

საარჩევნო სისტემა მმართველ პარტიასა და რვა ოპოზიციური პარტიის ჯგუფს შორის შეუთანხმებლობის მთავარ წყაროს წარმოადგენს. ნაციონალური მოძრაობა არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების მომხრეა, "ოპოზიციური რვიანი“ კი მის მოდიფიცირებას მოითხოვს იმგვარად, რომ არ არსებობდეს დისპროპორცია პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და საკანონმდებლო ორგანოში გაყვანილ პარტიულ და მაჟორიტარულ კანდიდატებს შორის.

ამომრჩეველთა სიების კუთხით წარმოდგენილი რეკომენდაცია სიის შედგენაზე ერთი კონკრეტული პასუხისმგებელი უწყების, კერძოდ კი "ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური“ ორგანოს –  სამოქალაქო რეესტრის გამოკვეთას და მონაცემთა ბაზების ერთმანეთთან თავსებადობის უზრუნველყოფას ეხება; დღესდღეობით სიებს ცენტრალური საარჩევნო კომისია სხვადასხვა უწყებების მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე ადგენს. 

დამკვირვებელი ორგანიზაციები ასევე აცხადებენ, რომ სიები გადამოწმების მიზნით მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რათა უზუსტობები აღმოიფხვრას პროცედურებით, რომლებიც, თავის მხრივ, დახვეწას საჭიროებენ.

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება ყველა ეტაპზე უფრო "გამჭირვალე“ გახდეს; ცესკომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მათ შორის ისეთი, როგორიცაა ქვედა დონის კომისიების დაკომპლექტება, შემაჯამებელი ოქმების დამტკიცება, ხმათა 2/3–ით მიიღოს; და კომისიებში აღარ მოხვდნენ ის პირები, რომელთა "გადაცდომებსა და დარღვევებზე“  კონკრეტული საჩივრები არსებობს. 

მათივე მოსაზრებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვის მიზნით, მკაფიო ზღვარი უნდა გაივლოს მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიასა და ხელისუფლების საქმიანობას შორის, რაც 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისას "მთლიანად იყო წაშლილი“; ასევე წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეების მონაწილეობა უნდა შეიზღუდოს.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებით, პარტიების ფინანსური ანგარიშგების არსებული სისტემა „ბევრ ხარვეზს შეიცავს“ და დაფინანსების წყაროებისა და ხარჯების სიღრმისეული ანალიზის შესაძლებლობას არ იძლევა, რაც დროულად უნდა გამოსწორდეს და "შეიქმნას პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიებისა და ყოველწლიური დაფინანსების საფუძვლიანად შემოწმების მექანიზმები“.
 
ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე გამოდის რეკომენდაციით გაიზარდოს იმ უწყებათაშორისი სამთავრობო ჯგუფის მუშაობის ეფექტურობა, რომელიც ბოლო სამი არჩევნების წინა პერიოდებში იქმნებოდა. "სამწუხაროდ, უწყებათაშორისი ჯგუფი ყოველთვის ვერ ახერხებდა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული გამოძიების დროულად დასრულებას და დამრღვევების სათანადოდ დასჯის უზრუნველყოფას,“– ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია წინა არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევათა დროული გამოძიებისაკენ და დამრღვევთა მიმართ გატარებული პასუხისმგებლობის ზომებზე საზოგადოების ინფორმირებისაკენ მოუწოდებს. "სამწუხაროდ, 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს გამოვლენილი რამდენიმე დარღვევა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოძიებული,“– ნათქვამია განცხადებაში.

სადამკვირვებლო ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით დაწესდეს შეზღუდვა და შესწორებები არჩევნებამდე "მინიმუმ 6 თვით ადრე" განხორციელდეს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13